და გავაუქმოთ “ფეისბუქი”

faceeee
…და აი, როგორც იქნა, ბევრი ფოტო ავტვირთე თუ ცოტა, მივხვდი, რომ გამოცდებზე “ფეისბუქის” ჩათის ფანჯრები და “ჯიკებები” არ მიშველის.
შესაბამისად, დავემშვიდობე “ფეისბუქს”. იქ იმდენი რამაა თავმოყრილი, ობობას ქსელია, რომელშიც უკვე ყველაფერი ერთიანდება. ძალიან საჭირო სერვისია, თუ სწორად გამოვიყენებთ, მაგრამ ადამიანზე ცუდ გავლენასაც ახდენს. მოკლედ, მისი ავკარგიანობა სახეზეა.

ბევრი ქართული და უცხოური ბლოგი გადავათვალიერე და წავიკითხე პოსტები ამავე თემაზე, თუ რატომ გააუქმეს ადამიანებმა (ამ შემთხვევაში – სტატიების ავტორებმა) “ფეისბუქი”, რატომ გახდა იგი ხელისშემშლელი მათი ცხოვრების ბუნებრივი დინებისთვის და ა.შ. ერთ–ერთმა უცხოელმა საკუთარ თავზე დაკვირვებაც კი ჩაატარა და დაწერა სტატია იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა რამდენიმე თვეში მისი ცხოვრება “ფეისბუქის” გარეშე. სიმართე რომ ითქვას, დიდი ფილოსოფია და დაკვირვება ნამდვილად არ სჭირდება იმას, რომ დრო მეტი დარჩებოდა, მეტ ადამიანთან ექნებოდა კონტაქტი არა ინტერნეტში, არამედ რეალურად და სხვ.

მაგრამ არც ერთ პოსტში, რაც მე ვნახე, არ ეწერა ის, რომ ბოლო დროს “ფეისბუქი” ნეგატივის ბუდედ გადაიქცა. ცუკერბერგი უარს აცხადებს dislike button-ის შემოღებაზე და მიზეზად ნეგატიურობის გაზრდის პერსპექტივას ასახელებს, მაგრამ ვფიქრობ, ნეგატივი ისედაც ჭარბობს. არათუ სწავლა, არამედ ეს არის ჩემთვის მთავარი მიზეზი.

შესამჩნევია, რაც უფრო გვემატება მეგობრები, კონკურენციაც იზრდება, რაც “დალაიქებაში” და “დაკომენტარებაში” გამოიხატება? მომხმარებელი არ “ალაიქებს” სხვის ფოტოს იმიტომ, რომ იმას არ “მოუწონებია” მისი და ამით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს ამ სხვას. მათ არ უნდათ, სხვებს დაუწერონ ზედმეტი პლუსი.

რაც შეეხება თავად გამომქვეყნებლებს: ბუნებრიობა დაიკარგა. მეგობრები უკვე იმდენი გვყავს (ნუ, ფსევდო, ვინაიდან 600 “ფრენდიდან” შეუძლებელია, ყველა მართლა მეგობარი იყოს), ვფიქრდებით, ვინ რას იფიქრებს ჩვენს ფოტოზე ან სტატუსზე, ვცდილობთ, რამე “გოიმობა” არ გამოგვივიდეს, რადგან ყველაფრის “გოიმურად შერაცხვა” უკვე იმდენად ჩვევაში გადავიდა, ამის გამო ყველა ჩარჩოებში ექცევა. big brother is watching you შეგრძნება აქტიურდება, თითქოს ყველაფერზე კონტროლდები, თავისუფლად ვეღარაფერი დაგიწერია. ამას უფროსი ნახავს, იმას – მასწავლებელი და ლექტორის გაკრიტიკება თუ მოგინდა იმიტომ, რომ “განვმეორდებიო” ამბობს და მისი მოსმენა მსგავსი აბსურდული შეცდომების გამო უკვე ყელში გაქვს, მაშინ აუცილებლად უნდა დაუბლოკო პოსტი თავად მას. თავისუფალი აღარ ხარ.

მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ დაბალი აზროვნების და დონის მაჩვენებელი საერთოდ არ შეიძლება, სტატუსი ან ფოტო იყოს. ხშირად ისეთი სტატუსი, რომელიც ადამიანზე ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას გიქმნის, შეიძლება იყოს გინება ვიღაცის/რაღაცის მიმართ; სიყვარულის ახსნები და ობიექტის დათაგვები, რაც მხოლოდ საზოგადოების დასანახად და “შესაშურად” კეთდება (ნუ, ეს თინეიჯერებს დამახასიათებელია); კიდევ სიტყვით როცა გამოდიან ზედმეტად ეპატაჟურად, “ქვეყანა ასე, პოლიტიკა ისე, არ გვეშველება, ხალხო, სანამ არ შეიგნებთ, რომ…” ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელდა ეს “ფეისბუქ”–ტრიბუნის ტენდენცია, რომ გადმოდგებიან და ერს ჭკუას ასწავლიან, რაღა შორს წავიდე, თინა მახარაძეც კმარა მაგალითად. კიდევ არიან ისეთები, ვინც ერთსა და იმავე თემაზე არიან ჩაციკლულები, მაგალითად ვიღაც სტატუსებში მხოლოდ “ნაციონალების” ბინძურ მმართველობას” ეხება, ან სტუდენტი ყოველდღე ტირის იმაზე, რომ “ვაიმე დედა რამდენი აქვს სასწავლი”, “აბიტურიენტობას მივტირი”. ნეტავ გაიგონ, რომ ადვილად იკითხება იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რა ძლიერი და შრომისმოყვარეები არიან, ამდენი სამეცადინოს გამკლავებას რომ ახერხებენ. სირცხვილია. FULL STOP.

ჰო, ფოტოებთან დაკავშირებით… არ მოვერიდები და დავწერ ამ სიტყვას: მართლა გულისამრევია, როცა გოგოები ყოველდღე სხვადასხვა ბიჭთან გადაღებულ ფოტოს აყენებენ პროფილზე. და საერთოდ, გაუგებარია, ისედაც რა საჭიროა ყოველდღე პროფილის ფოტოს შეცვლა, თუმდაც მასზე მარტო იყო გამოსახული?

სხვა მხრივ, არსებობს შეგრძნება, თითქოს მეგობრებთან უფრო ახლოს იქნები, თუ “ფეისბუქი” გექნება. თუმცა ყველამ იცის: სულაც არაა მეგობრისთვის აუცილებელი, “მწვანედ ანთებული” დაგინახოს, რომ შეგეხმიანოს. “ფეისბუქში” იმდენად გამარტივებულია მიმოწერა, ჩათები სულ აღარ “მეინტიმურება”. უკვე ბევრად პირადი ის გახდა, როცა ადამიანი ტელეფონზე მოგწერს ან დაგირეკავს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მიჭირდა გვერდის გაუქმება იმიტომ, რომ მჭირდებოდა სამსახურისთვის, მერე ეს საჭიროება მოიხსნა და დარჩა მხოლოდ ორი ფაქტორი: 1) ის, რომ კურსელები საჭირო ინფორმაციას დებენ ჯგუფებში და 2) “ივენთები”. მაგრამ მივხვდი, მიზეზები არასდროს დაილევა და “ტერიტორია” დავტოვე. პროგრამა მინიმუმი 1 წელიწადს ითვალისწინებს და ალბათ მას შემდეგ შევაჯამებ შედეგებს. სააერთოდ, 2 კვირას რომ დათქვამენ ხოლმე, ცოტა ბავშვური საქციელი მგონია. რა მნიშვნელობა აქვს, თუ იმ წერტილზე ბრუნდები, რომელიც დატოვე?

სოციალური ქსელიდან საკუთარი თავის მთლიანად ამოშლას არც ახლა ვაპირებ. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, “ტვიტერი” მიკრობლოგინგის  მართლაც ძალიან კომპაქტური და სასარგებლო სისტემაა. “დააფოლოვებ” იმას, ვინც/რაც გაინტერესებს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ მეტს გაიგებ: მთელი პოლიტიკური ელიტა “ტვიტერზე” აქვეყნებს იმ ინფორმაციას, რასაც მერე მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. twitterაქ არავინ ცდილობს “ჰერმესის” ქამრის დემონსტრირებას ან სევდიანი სიმღერის მოწყენილი სმაილით დადებას, რომ საკუთარი სულიერი მდგომარეობის აფიშირება მოახდინოს – “ტვიტერზე” ინტერესები ვლინდება, ინფორმაცია ვრცელდება და ა.შ. იქ რეალური ცხოვრების მეგობრები არ მყავს “დაფოლოვებული”, ისინი ისედაც არ არიან ქსელში დარეგისტრირებულები და მთლად უკეთესი – რისთვისაც “ფეისბუქი” გავაუქმე, იმის გამო ახლა “ტვიტერი” არ დამაყოვნებს. მიკრობლოგინგის სერვისი და საჭირო ინფორმაციის წყარო (და არა – პოპულისტური. “ტვიტერზე” ინფორმაციის ფორმა უფრო კონტროლირებადია) მომავალი–ალბათ–ჟურნალისტისთვის აუცილებელია.

ბანალური P.S. “დამაფოლოვეთ” “ტვიტერზე”…
და გააუქმეთ “ფეისბუქი”. უფრო მშვიდი, პოზიტიურები და პროდუქტიულები იქნებით. 🙂

Leave a comment