არაპროფესიონალიზმი

ჩვენთან, ლეგენდარულ თსუ–ში პოლიტიკას გვიკითხავს ქალბატონი სალომე დუნდუა (მართლაც არაჩვეულებრივი ლექტორი), სემინარზე კი ორ ჯგუფად ვართ გაყოფილი. ჩემს ჯგუფში სემინარს იბარებს ლადო, მეორე ჯგუფში – თიკო, რომელიც თვალით არ მინახავს.პრინციპში არც მინდა მისი ნახვა, ისეთი მკაცრიაო ამბობენ, საერთაშორისო ურთიერთობების კოსტასი არ იყოს, მაგაზეც მსგავსი ლეგენდები დადის.
მოკლედ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდებზე ჩვენ თვითონ ვუთითებთ ლექტორის სახელსა და გვარს. მხოლოდ სემინარის ლექტორები ასწორებენ ნაწერებს, ჰოდა, ქალბატონი თიკოს ჯგუფის ბავშვებმა მოიფიქრეს გენიალური რამ და თითოეულმა მათგანმა ნაწერს ვისი სახელი დააწერა? რა თქმა უნდა, ჩვენი სემინარის ლექტორის, ლადოსი, თიკო მკაცრია და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, ჩვენი ნაწერი სხვამ, ერთი შეხედვით შედარებით ლმობიერმა გაასწოროსო? სულელები ხომ არ ვართ, ეს შანსი გავუშვათო?
რა თქმა უნდა, მერე ალალბედზე გაიყო ნაწერები და ნახევარი ლადომ შეასწორა, ნახევარი – თიკომ.
ნუ, იმაზე არ განვავრცობ, თვითონ სტუდენტი ასე იქცევი, რა უპასუხისმგებლობა და ასე ვთქვათ, არაკოლეგიალობაა მეორე ჯგუფის სტუდენტების მიმართ…
მაგრამ დავიჯერო, ასეთი რთულია ამის კონტროლი? ან როგორ ვერ უნდა გაითვალისწინო ის შესაძლებლობა, რომ ერთი ლექტორის სიმკაცრის გამო თავისუფლად შეიძლება, 100 ბავშვის გამოცდის ნაწერზე მხოლოდ მეორე ლექტორის სახელი და გვარი აღმოაჩინო? ხომ უნდა ეწეროს ეს სადღაც და არ იყოს პირველკურსელ სტუდენტზე დამოკიდებული, რომელიც, ვაღიაროთ (ჩვენ–ჩვენს თავებზეც), ჯერ კიდევ სკოლის გავლენიდან ბოლომდე ვერ გამოსულა?
ალე ახტუნგ გამოცდების ცენტრს!

P.S. მხოლოდ ესაა, რაც გამოცდების ცენტრის თანამშრომლების არაპროფესიონალიზმზე მინდოდა, მეთქვა, თუ, რა თქმა უნდა, ინგლისურის C1 გამოცდაზე კრინტს არ დავძრავ… ჯერ მხოლოდ ორი შუალედური იყო და უკვე ამდენი ხარვეზი: საინტერესოა, რა იქნება შემდეგი (თან ყველაზე მძიმე – ფინალური გამოცდები მოდის), მგონი ჯობია ქულებზე ნერვიულობას შევეშვა და პოპ–კორნი მოვიმარაგო. 😐 to be continued!

Leave a comment