დაკარგული განწყობა

New_Year_wallpapers_New_year_tree_ready_for_year_2014_050644_

ახალი წლის ჯადოსნური ღამე, როგორც ამის მხოლოდ ბავშვებს სჯერათ, ჩვენთვის უკვე აშკარად არაფერს ნიშნავს. არადა ჩვენც სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით ბავშვები.

წელს ერთი რამ შევნიშნე: საკმარისია დიდმა ავტობუსმა ჩამოიაროს ხმამაღალი ხალისიანი მუსიკით, რომ საახალწლო განწყობას უკვე წმნის. რომ შემეძლოს, ძალიან ბევრ ავტობუსს დავტვირთავდი ყოველგვარი რეკლამის გარეშე, რომ ხალხისთვის განწყობა შეექმნათ და გარეთ ყველას ისეთი ჩაჟამებული “სიფათით” არ ევლო, როგორითაც უმეტესობა დავდივართ. ეს უბრალოდ, პატარა მიამიტური ნატვრა იყო.
ახალი წლის მოსვლა ჩვენთან რაღაც მძიმე განსაცდელის გადატანა უფროა ხალხისთვის, როცა პირიქით, მოუთმენლად უნდა ელოდონ მას. რასაკვირველია, ამას მატერიალურ მდგომარეობამდე და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციამდე მივყავართ, სიღრმეებში გადავინაცვლებთ, თუ პრობლემის ფუძეზე საუბარს დავიწყებთ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის “ახალი წელი”, როგორიც ჩვენთან მოდის ხოლმე… საყოველთაო მხიარულება კი არა, ინდივიდუალურიც ძალიან იშვიათად გვხვდება ამ დღეებში.

ალბათ ახალი წლისადმი ჩვენი დამოკიდებულება წლიდან წლამდე გვამცნობს, რომ ვიზრდებით და ჩვენთვის რაღაცები იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის. დეკემბრის ბოლოს ჩემ გარშემო ყოველთვის დანანებით ამბობენ: “წინა წელს ოდნავ მაინც მქონდა განწყობა…” მეც ვხვდები, რომ ანალოგიურად ვარ. ალბათ ძვირადღირებულ ავტომობილებზე და მსგავსებზე ოცნებას ჯობია იმაზე ვიოცნებოთ, რომ განწყობა დაგვიბრუნდეს, რაღაცებმა, რაც ბავშვობაში ჩვენთვის ყველაფრის ამოსავალი წერტილი იყო, მნიშვნელობა არ დაკარგოს, ბოლომდე მაინც არ წაიშალოს ჩვენში ბავშვი და მისი გულწრფელობა საბოლოოდ არ გაუფასურდეს. არ ვიცი, ოდესმე მექნება თუ არა ისევ ის მოლოდინი, რითაც ველოდებოდი 31 დეკემბრის ღამეს და პირველი იანვრის დილას (იმ დილას, როცა მთელი სახლის ქექვას ვიწყებდი საჩუქრის პოვნის მცდელობაში), მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ რამეზე ნამდვილად ღირს ოცნება: ჯადოსნური ატმოსფეროს დაბრუნებაზე ოცნება…

Leave a comment